ინტერნეტსივრცეში ვიდეოებზე ასაკობრივი შეზღუდვის ნიშნები გაჩნდება
ინტერნეტგვერდების მფლობელებს ახალი მოთხოვნები უწესდებათ. საქმე ისაა, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში სექტემბრიდან ვიდეოებზე გაჩნდება სპეციალური შემზღუდავი ნიშნები +18, +15, +12 და +7, რომელიც მომხმარებელს ანიშნებს, რა ასაკის ადამიანებისთვის არის დასაშვები ვიდეოსა თუ კონტენტზე წვდომა.
ამ ვალდებულებას ინტერნეტგვერდის მფლობელებს უჩენს „ბავშვთა უფლებების კოდექსი”, რომელიც პირველ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო პირველ სექტემბრამდე გადავადდა.
რეგულაციები ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლებისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააწესა.
ახალი წესებით, ინტერნეტგვერდებზე, რომელთა სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მხოლოდ ბავშვები, აკრძალულია ბავშვებისთვის საფრთხისშემცველი ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით განთავსება. 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ ვებ-გვერდზე დაშვება კი უნდა მოხდეს მხოლოდ რეგისტრაციით.
ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული აბონენტის მოთხოვნით, მისთვის დაბლოკოს (შეზღუდოს წვდომა) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის საფუძველზე.
დაგეგმილია სპეციალური სიის შედგენა, სადაც ბავშვისთვის საფრთხისშემცველი ინტერნეტგვერდები იქნება შეყვანილი, მშობელს კი ამ გვერდების საკუთარი შვილისთვის დაბლოკვის საშუალება ექნება. ამ ყველაფერს კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია გააკონტროლებს. ამა თუ იმ ვებგვერდის გასაჩივრება მშობელსაც შეეძლება - გადაწყვეტილებას კი მარეგულირებელი მიიღებს.
ინტერნეტგვერდების მფლობელები ვალდებული იქნებიან, კომისიას აცნობონ თავისი ინტერნეტგვერდის მისამართი ასაკობრივი ნიშანდების მითითებით.
მოთხოვნათა დარღვევა პირველ ჯერზე 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო მოთხოვნის განმეორებით დამრღვევი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
