"ადამიანები, რომლებიც ამ გუნდში არიან, ღმერთის შექმნილები არ არიან"
ის, რაც დღეს ჩემს გარშემო ხდება, ღმერთის შექმნილი ადამიანისთვის მეტისმეტია, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სასამართლოში, მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე, განაცხადა.
მისი თქმით, მორის მაჩალიკაშვილი მის გამოა დაკავებული.
“მორის მაჩალიკაშვილზე არა მარტო მე, არამედ მთელი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის ამ ხელისუფლების ტყვეა. ჩვენი ხეობიდან ჩამოსულია იმამი მის მხარდასაჭერად და მთელი ხეობა მის გათავისუფლებას ითხოვს. ის, რაც დღეს ჩემს გარშემო ხდება, ღმერთის შექმნილი ადამიანისთვის მეტისმეტია. მე კი ვუძლებ ამას, მაგრამ მეტისმეტია. ეს ადამიანები, რომლებიც ამ გუნდში არიან, ღმერთის შექმნილები არ არიან. ესენი საიდანღაც აღმოჩენილები არიან. დღეს მე როგორც მექცევიან, ასე ადამიანს მსოფლიოში არსად მოექცევიან. ჯერ მოკლეს უდანაშაულო 18 წლის ბავშვი თავის ოჯახში, შემდგომ ამ ყველაფრის ჩასაფარცხად უნდათ, რომ ჩემი ძმისშვილი გამოკეტონ ციხეში. ეს მართლა მეტისმეტია, მაგრამ ვერ გამოვყავარ მდგომარეობიდან და ვერც გამომიყვანენ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, მორის მაჩალიკაშვილის მსგავსად, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ყველა პირი, ხელისუფლების ტყვეა.
„იგივეს ვიტყოდი 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ დანარჩენ პირებზე, რომ ისინი ხელისუფლების ტყვეები არიან. მე იმედი მაქვს, რომ დღეს მორის მაჩალიკაშვილს გაათავისუფლებენ. ჩემი ძმისშვილი ჩემს გამოა დაკავებული. მას დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ მე კარავს ხელმეორედ გავშლიდი, დაიჭერდნენ. მეორე დღეს კარავი გავშალე და დაიჭირეს კიდეც“, -აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
