დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
“ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გაძვირება დადასტურებულია. კონკრეტულად რამდენით მოიმატებს ტარიფი, ჯერჯერობით უცნობია. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაიმართება. დანამდვილებით ცნობილია, რომ წყალმომარაგების ტარიფი ამ ეტაპზე არ შეიცვლება და 2026 წლის ბოლოს გადაიხედება. რამ განაპირობა სატარიფო ცვლილება, რამდენად მყარი არგუმენტია სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და რაზე ჩივიან მომხმარებლები ყველაზე მეტად? - “რეზონანსის” კითხვებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია პასუხობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება.
“კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებზე სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. ტარიფები დგინდება კომპანიების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის ანალიზისა და მარეგულირებელი აუდიტის შედეგად. სემეკში 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიების მიერ დოკუმენტაციის ანალიზი და მათი გაფილტვრა იმ კომპონენტებისგან, რომელიც არაა უშუალო კავშირში ელექტროენერგიის ხარისხიან და უწყვეტ მიწოდებასთან. ტარიფების კომპონენტების განხილვა და სამომხმარებლო ტარიფის დადგენა ხდება საჯარო წესით, საჯარო სხდომაზე. ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდის მოლოდინი და წინაპირობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა რა მოცულობით, ეს ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე, სადაც იქნება სრული განხილვა და გადაწყვეტილების მიღება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ნარმანია.
“ მოსახლეობის მომართვაზე ყოველთვის დაუყოვნებლივი რეაგირება გვაქვს. სემეკი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს მომსახურების ხარისხს როგორც ტექნიკურ, ასევე კომერციულ ნაწილში. მოქალაქეები მოგვმართავენ სხვადასხვა სადავო საკითხებზე, რომელიც აქვთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიებთან. ეს შეეხება როგორც დარიცხვებს, ასევე ქსელთან მიერთების საკითხებს. სემეკი განიხილავს თითოეულ მიმართავს ინდივიდუაურად და იღებს გადაწყვეტილებებს, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით. მაგალითად, მიმდინარე წლის განმავლობაში, სადავო საკითხების განხილვის შედეგად, მოქალაქეებს ჯამში ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მლნ ლარი. ამასთანავე, სემეკის გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 5.72 მილიონი ლარის კომპენსაცია. მოქალაქეებს შევახსენებ, რომ თუ აქვთ სადავო საკითხები კომუნალურ კომპანიებთან, აუცილებლად მოგვმართონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ინვესტიციებს დარგში, რამდენიმე დღის წინ, დავამტკიცეთ ელექტროენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციები. მომდევნო 5 წელიწადში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები, მომარაგების მდგრადობის მიზნით 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ. სს “თელასი” 2026-2030 წლებში - 400 308 116 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ 2026-2030 წლებში განხორციელდება 1 564 060 886 ლარის ინვესტიცია. გეგმა ითვალისწინებს ჭკვიანი მრიცხველების გაზრდილი რაოდენობის მოწყობას და იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის”, - დაძენს დავით ნარმანია და შეკითხვაზე - “დაახლოებით რამდენით გაიზრდება დენის და გაზის გადასახადი და რა იგეგმება წყლის გადასახადთან მიმართებაში?” - პასუხობს:
“მოგეხსენებათ, ტარიფების გადათვლა არის კომპლექსური და მისი ცვლილება დამოკიდებულია არაერთ კომპონენტზე. ახალი ტარიფები ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე და მაშინვე მიეწოდება საზოგადოებას. რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფს, ცვლილება არ იგეგმება”.
სიახლეები
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
- 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
