August 6, 2025

თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ხოლო განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

 

„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომლის დაწყებაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირად ღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმონური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედითუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.

 

„ბევრჯერ მითქვამს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება დავუდგებით გვერდით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ვნახავთ, რამდენი დახმარებაა გაცემული ჩვენი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ – სხვადასხვა სოციალური პროგრამები გვაქვს, ოპერაციებს ვაფინანსებთ და ა.შ.

 

თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა კი ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, განცხადებას უნდა ერთოდეს:

 

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 

თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;

 

ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;

 

ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;

 

კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;

 

კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;

 

სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.

წაკითხვა 61 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 06 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.