„მთელი გულით მზად ვარ იმ გზისთვის, რომელიც წინ მელოდება“ - ნანა კუხალეიშვილი
“ქართველ ქალებს არ აკლიათ ნიჭი, შრომისმოყვარეობა და სიძლიერე,”- ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში მსახიობი ნანა კუხალეიშვილი აცხადებს. ის ამჟამად ემიგრაციაშია და ბარსელონაში ახალგაზრდული თეატრალური დასის ხელმძღვანელია.
„დავამთავრე შოთა რუსთაველი სახელობის თეატრალური ინსტიტუტი - პროფესორ ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით, კინოსა და დრამის სამსახიობო ფაკულტეტი. დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე მარჯანიშვილის აკადემიურ თეატრში, ასევე, ვმუშაობდი გამხმოვანებლად ერთ-ერთ სტუდიაში, განსაკუთრებით ხალხმა გამიცნო სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”— დავაარსე ახალგაზრდული თეატრი , ცნობადი და არაცნობადი სახეების სინთეზი, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო ჩემ აზრით, ახლა კი მუშაობას ბარსელონაში ვაგრძელებ,“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მსახიობი.
როგორ მიაღწია წარმატებას და რა სირთულეები შეხვდა ნანა კუხალეიშვილს ემიგრაციაში? ამ და სხვა საკითხებზე Firstnews.ge გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობთან:
- რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
- საქართველოდან წასვლა არ იყო ჩემი სანუკვარი ოცნება. ისე როგორც ყველა, მეც მოვარიდე ოჯახი უბედურებას, მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ ბევრჯერ მაქვს მონაყოლი და არ განვმეორდები. საქართველოდან წასვლა გახდა ჩემთვის ასევე ნაბიჯი საკუთარ თავთან შეხვედრისაკენ, ეს იყო ურთულესი, მაგრამ საჭირო ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში, არ წავსულვარ იმიტომ, რომ საქართველო არ მიყვარს, უბრალოდ სიტუაციამ მოიტანა ასე.
- მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ ესპანეთში? როგორ გაჩნდა იდეა?
- თეატრის დაარსების იდეა თავიდანვე მქონდა, უფრო მარტივად მეჩვენებოდა და მეგონა ეგრევე გავაკეთებდი, მაგრამ ძალიან ბევრ სირთულეებს წავაწყდი, ყველა ტიპის სირთულეებზე მაქვს საუბარი, რაც კი ემიგრანტს შემთხვევია და ჰქონია. მართლა ურემს არ გადაუვლია ჩემს თავზე, თორემ ყველანაირი ცხოვრებისეული მუშტი ვიგემე,თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ბევრი შრომის შედეგად დავიმკვიდრე თავი და პროფესიულ მხარესაც მივხედე, გაგვიმართლა.
- როგორ მიაღწიეთ სასურველ წარმატებას და რა სირთულეები შეგხვდათ?
- კარგ ადამიანებთან ურთიერთობამ და დახმარების სურვილმა შედეგი გამოიღო და ერთ დღესაც ბარსელონას მერიის საიტზე აღმოჩნდა ჩვენი ახალგაზრდული თეატრის პრემიერა, რამაც წარმატებით ჩაიარა და უფრო მეტის კეთების სურვილი ჩაგვისახა. კონტრაქტი დავდეთ აქაურ თეატრთან და გვაქვს ხოლმე სპექტაკლები, ვახარებთ ჩვენს მაყურებელსაც და ვხარობთ ჩვენც.
- თქვენი აზრით, საქართველოში რა უშლით ხელს ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, რომ სასურველ წარმატებას მიაღწიონ?
- მგონია, რომ ქართველ ქალებს ხშირად უშლით ხელს კულტურული მოლოდინები, რომელსაც ქალი მხოლოდ ოჯახში, ან სახლში ხედავს. ძალიან ბევრ ქალს უჭირს იმის დაჯერება, რომ მისი ოცნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ოჯახის კეთილდღეობა. ხშირად ეს სოციუმის ხმაა, რომელიც გეუბნება: ჯერ სხვები და ბოლოს შენ, არადა ყველაზე მთავარი ხარ ჯერ შენ . თუმცა არიან ძლიერი ქალებიც და ისინი საკმაოდ წარმატებულებიც არიან
- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ?
- ადამიანებს ვურჩევდი, რომ არ დაელოდონ იდეალურ მომენტს. იდეალური მომენტი არ არსებობს — შენ ქმნი მას. ნაბიჯებს როცა დგამ, გზად აუცილებლად შეგეშინდება, ეჭვი შეგეპარება, ზოგჯერ მოგინდება დაბრუნება. მაგრამ თუ რაღაც გულით გინდა, ღმერთი, დრო, სამყარო — ყველაფერი ისე დადგება, რომ ეს გზაც გაიჭრება. მთავარია, არ გაჩერდე. თუ ერთი ნაბიჯით მაინც მიდიხარ წინ – უკვე გზაში ხარ. მე გავჭერი ეს გზა, ბევრად წინ ვარ და მჯერა საკუთარი თავის, ესაა ყველაზე მთავარი, დავიჯერე და მივყვები ჩემს რწმენის ძალას, რომ ყველაფერი გამომივა.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ძალიან ბევრი იდეა მაქვს. არ ვხურავ არცერთ კარს. რაც ვიცი, ის არის, რომ ყველაფერს ვაკეთებ მთელი გულით და მზად ვარ იმ გზისთვის, რომელიც წინ მელოდება. ამ ეტაპზე ვიწყებ მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას და თან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ — მგონი, ესაა მთავარი, ახლა სპექტაკლს ვდგამთ ესპანურად რაც დიდი გამოწვევაა ჩემთვის , ვნახოთ რა გამოვა. ცოტა დახმარებაც მჭირდება მაგრამ არავინაა დამხმარე, ბევრჯერ გავაკეთე განაცხადი იქნებ ვინმემ დაგვასპონსოროს-თქო, მაგრამ ეს ნამდვილად ვიცი რომ ამის იმედი არ უნდა მქონდეს!- თუმცა, გეზი გვაქვს აღებული მიზნისკენ და არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ!
27 სექტემბერს — სოხუმის დაცემის დღეს — პრემიერით აღვნიშნავთ სპექტაკლს, რომელიც აფხაზეთის თემას ეძღვნება, ჩვენ არ ვივიწყებთ! არ იქნება დავიწყებული არც ერთი კუთხე ჩვენი ქვეყნისა, არც ერთი ნაბიჯი ჩვენი წინაპრებისა .ამ დღეს ჩვენი სცენა იქცევა ხმად — იმ გულების ხმად, რომლებიც არასდროს შეწყვეტენ სიყვარულს საკუთარი მიწისადმი. ეს არ იქნება უბრალოდ სპექტაკლის ჩვენება, ეს არის პატივი, ხსოვნა და ბრძოლა მეხსიერებისათვის რომ არასდროს დავივიწყოთ “ვისი გორისა ვართ”.
სიახლეები
- “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ” - ირაკლი შენგელია
- “რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს” - ვახტანგ მაისაია
- 2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად
- "ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები"
- "ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი