July 15, 2025

“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა – 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს” - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია არ მიაწოდონ.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ მიმართულებით წესი არ შეცვლილა და საკრებულოს ის დადგენილება, რომელზედაც ზოგიერთი მედიასაშუალება საუბრობს, სულ სხვა შემთხვევებს ეხება.

 

„ტყუილია აღნიშნული ინფორმაცია. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ და ტყუილ ინფორმაციას. კახა კალაძე, ქალაქის მერი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. აბსოლუტურად სხვა რამეზე საუბრობთ. არ ვიცი, ვინ გააკეთა განცხადება და თქვენც იმეორებთ ამ მცდარ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და თუ ეს არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას – არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს. ასეთი რაღაცები ხდებოდა 2012 წლამდე. გაიხსენეთ თაბუკაშვილის ქუჩის მაგალითი, როდესაც სპეცრაზმის დახმარებით გამოყარეთ ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშე, სხვა მუნიციპალურ მიწაზე პროექტი შეიმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, მოსახლეობის შენობიდან გამოყვანასთან დაკავშირებით კი 100%-იანი თანხმობის საჭიროება ყველა ვარიანტში რჩება.

 

„ამაში ხართ არასწორი და ავრცელებთ სიცრუეს. ხართ წამხალისებელი ყველაფერი უბედურების, რაც ქვეყანაში ხდება. თქვენ მეუბნებით, რომ ხალხს დავუნგრიეთ შენობები და გამოვყარეთ. ეს იყო მიტაცებული მიწები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ, თქვენ კი პირიქით, ახალისებთ უკანონობას, უბედურებას. ამ ქალაქში ხომ ცხოვრობთ თქვენი შვილებით, ოჯახებით, მშობლებით? შეუძლებელია, მუდმივად ახალისებდეთ უკანონობას, საშინელებას. საკრებულოს ის დადგენილება, რომელზედაც საუბრობთ, ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და ურბანულად არასწორია იქ რაიმის გაკეთება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, გავაკეთოთ პროექტი სხვა მუნიციპალურ მიწაზე და არა ხალხის გამოყვანასთან დაკავშირებით. ეს არის სხვაობა.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როცა 100%-იანი თანხმობა არ არის საჭირო, ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროცესის დაწყებას და მხოლოდ და მხოლოდ რიგ შემთხვევებს. კერძოდ იქ, სადაც არსებობს გეოლოგიური პრობლემა ან ურბანულად არის პრობლემური. ასეთ შემთხვევებში, არ არის საჭირო, გვქონდეს მომართვა და 100%-იანი თანხმობა იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა პროექტის შემუშავებაზე, თუმცა, მოსახლეობის გამოყვანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვჭირდება 100%-იანი თანხმობა, რადგან საუბარია საკუთრების უფლებაზე, რაც განსაზღვრულია კანონით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული შენობა ავარიული იყო და მოსახლეობასთან, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა, რაზეც ადგილობრივების 100%-იანი თანხმობა არ არსებობდა.

 

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 14 ივლისს ჩამოინგრა. მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

 

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.

წაკითხვა 94 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 15 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.