“"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ და ვერც გარეთ იპოვით ადამიანებს, ვინც დაგეხმარებიან უსამართლობასთან ბრძოლაში - გაშუქებაში, სამართლებრივ ბრძოლაში და ა.შ.
15 წელი სახელმწიფო უწყებებში ვიმუშავე. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, როცა არ მომწონებია კრიტიკა, რომელიც მედიიდან ან არასამთავრობო სექტორიდან მესმოდა. ზოგჯერ, უსამართლოდაც ჩამითვლია ეს კრიტიკა, უსაფუძვლოდაც. თუმცა, არასდროს წარმომედგინა რომ ამ "პრობლემის" გადაჭრის გზა ამ სექტორების გაუქმება, განადგურება იყო. ამ სექტორებთან შეგიძლიათ ლაპარაკი, პოლემიკა, დებატი, სადაც თუ მართალი ხარ, ისედაც იმარჯვებ შენი არგუმენტებით და ქმნი საზოგადოებრივ აზრს. ვისაც დღემდე გგონიათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ან რაიმე "უკანონო ქმედებების" აღსაკვეთად ხდება, ძალიან ცდებით. 2002 წლიდან კანონების კითხვის მეტი არაფერი მიკეთებია და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად კანონები ყოველთვის გვქონდა (რითაც მანიპულირებენ). ამ ახალი, ისტერიულად მიღებული ე.წ. კანონების მიზანი არაა უკანონობასთან ბრძოლა, ამის მიზანი მხოლოდ ერთია - ყველას და ყველაფრის განადგურება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, აზროვნებს, მოქმედებს.
ეს ისტერიული "ომიც" კრიტიკასთან არაფერში ჯდება. ჩემთვის კრიტიკის ლექსიკა, რაც ზოგჯერ მართლა ძალიან უცენზუროდაა საჯაროდ გამოხატული, მიუღებელია, მაგრამ ეს მორალის საკითხია. შეგვიძლია მოგვწონდეს, არ მოგვწონდეს, გვიყვარდეს ან არ გვიყვარდეს ადამიანი, რომელიც საკუთარ აზრს ჩვენთვის მიუღებელი ფორმით გამოხატავს, მაგრამ რეპრესიები მოვუწყოთ ამ ადამიანებს - არაფერში ჯდება. და კიდევ, სისტემური უსამართლობისგან დაღლილი როცა იქნებით, დამიჯერეთ, რთულია ლამაზი სიტყვებით გამოხატო აზრი. აბა გადახედეთ საკუთარ ქცევებს, როცა ნერვები უკვე დაწყვეტაზე გაქვთ.
ეს ხალხი (NGO სრქტორიდან, მედიიდან) მის გზას იპოვის - აქვთ საკმარისი განათლებაც, უნარებიც, კონტაქტებიც და არც სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ (ამ ქვეყანაში ეს შიში ყველაფერს აკეთებინებს ადამიანების უმრავლესობას). მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვანადგურებთ.
უსამართლობა ჯერ თუ ყველამდე არ მოვიდა, მოვა. ასეთ ყოფაში, რაშიც ახლა ჩვენ ვართ, უსამართლობა ძვალსა და რბილში გაატანს. და როცა მედიის ძებნას დავიწყებთ - აღარ იქნება, როცა კომპეტენტური, მიუკერძოებელი და უფასო იურისტის ძებნას დავიწყებთ - ვეღარ ვიპოვით. და ძალიან მძიმე იქნება ეს". - წერს კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი