ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის ორდენს გადასცემენ
ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, წმინდა გიორგის ორდენს გადასცემენ. ამასთან, „დაგვიანებით“ გადასცემენ ამავე ორდენს ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეს (ამჟამად თბილისის მერს) და ყოფილ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას.
„ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის [ხვიჩა კვარაცხელია] გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 3 ივნისს, მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, „პრეზიდენტი [მიხეილ ყაველაშვილი] მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს კიდევ ორი სპორტსმენი - კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია, - რომელთაც „უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო“.
„მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ“, - განაცხადა მან.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ადამიანს ენიჭება საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ორდენი 2004 წელს შემოიღეს, პირველი ორდენი შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს (უმცროსს), 2005 წლის 10 მაისს გადასცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
