პლატფორმა: ძალა, რომელიც პროვოკაციებს აწყობს მოქალაქეების წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმია
წინააღმდეგობის პლატფორმა 26 მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
პლატფორმის თქმით, ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი "არ წყვეტს განცხადებებს, თითქოს 26 მაისს, ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს".
განცხადებაში წინააღმდეგობის პლატფორმა აღნიშნავს, რომ "ერთადერთი ძალა, რომელიც საკუთარი მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ პროვოკაციებს აწყობს, ივანიშვილის რუსული რეჟიმია".
"26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში.
დღე, როცა გამოცხადდა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, ჭეშმარიტ ქართულ, მაშასადამე, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
ეს საზეიმო დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.
26 მაისს საქართველოს მთავარ გამზირზე სწორედ ამ სულისკვეთებით ვიკრიბებით - ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და კიდევ ერთხელ ერთხმად და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენი თაობა აუცილებლად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, დაუბრუნებს საქართველოს მის კუთვნილ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში.
"ქართული ოცნების" არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.
მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.
ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი.
26 მაისს ყველას გეპატიჟებით რუსთაველის გამზირზე.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!" - წერია განცხადებაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
