პარლამენტში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ქალები დამოუკიდებლობისთვის: წარსულიდან მომავლამდე” გაიმართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის სასახლეში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ქალები დამოუკიდებლობისთვის: წარსულიდან მომავლამდე” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველა ადამიანს თავისი წვლილი მიუძღვის და თავისი პასუხისმგებლობა აქვს.

 

„ჩვენ რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს. თუმცა 34 წელი ეს მარცვალია იმ დიდი ქვიშისა, რასაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჰქვია, ეს წვეთია ზღვაში, რასაც დამოუკიდებლობისთვის მუდმივი ბრძოლა ჰქვია. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კაცისა და ქალის როლი განმსაზღვრელი იყო იმისთვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ როგორც ერი, არამედ როგორც სახელმწიფო გადავრჩენილიყავით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ისტორიაში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, სადაც წარმომადგენლობით ორგანოში ქალი იქნა არჩეული.

 

„ჩვენ დღეს არ გვიკვირს არც ქალი პარლამენტის თავმჯდომარე, არც ქალი პრეზიდენტი, არც ქალი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რაც ზოგიერთ ქვეყანაში გასაკვირია. ჩვენ გასულ კვირას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია შევქმენით და ამით კონსტიტუციური ინსტიტუტის დონეზე ავიყვანეთ ეს ჯგუფი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიის ფარგლებში ძალიან აქტიური, კონცენტრირებული მუშაობა გვექნება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

 

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით სწორედ იმ ადგილას, სადაც იწერებოდა და იწერება ქვეყნის ისტორია – საქართველოს პარლამენტში, და სწორედ ამ შენობის გვერდით, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, 1919 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე საჯაროდ, ოფიციალურად გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც იყვნენ პირველები არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ რეგიონში. მათი იდეები ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მოწყობის შესახებ იყო პროგრესული და გარდამტეხი საქართველოს ჩამოყალიბებისთვის. ჩვენი აქ შეკრებით არა მხოლოდ ისტორიაში ქალების მონაწილეობას ვიხსენებთ, არამედ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქალების როლი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში იყო, არის და დარჩება უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფარი-ხანუმ სოფიევაზე, რომელიც მსოფლიოში პირველი არჩეული მუსლიმი ქალი დეპუტატი იყო.

 

ღონისძიებაზე პირველი პარლამენტარი ქალები, დამფუძნებელი კრების წევრები გაიხსენეს. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქალების როლზე ისაუბრეს.

 

პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ საქართველოს ქალთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელს მადლობის სიგელი გადასცა, ეს ორგანიზაცია 1921 წელს დაარსდა და მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

 

ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

წაკითხვა 81 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.