ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნია
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს.
მისი თქმით, არხის თანამშრომლები ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, სადამდეც შეძლებენ.
„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან, და როდესაც ამ მოვლენების წინა ხაზზე მდგომი ჟურნალისტები მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები არიან (რამდენიმე მათგანი შემთხვევით გადაურჩა სამუდამო დასახიჩრებას ან სიკვდილს), აი, ამ დროს „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თვითონაც ჩაერთოს „ქართული ოცნებისგან“ წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს – იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი, პირიქით, ყველაფერს აკეთებდეს თავისი გუნდის დასახმარებლად.
ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“.
ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით – რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად, თორემ სხვა მხრივ გოგი ქურდაძეს არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია, არც კი იცნობს არხის თანამშრომლებს, აიგნორებს მათ თხოვნას, რომ უბრალოდ, შეხვდეს მაინც მათ! და საერთოდ არც კი დადის სამსახურში.
ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით აკეთებს, არის ის, რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. მაგალითად, ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს, მაგრამ ოქუაშვილს და ქურდაძეს ეს არ აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი – როგორც დამფუძნებელი და დირექტორი – პასუხისმგებელნი არიან კომპანიის თანამშრომლებზე.
ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ-ნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის – ეს კი ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.
სიახლეები
- “ეს არის იმის წარმოსახვის მცდელობა, თითქოს რადიკალურ ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“ - შალვა პაპუაშვილი
- გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დედა
- ტრამპის თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატო დარწმუნებული იყო აშშ-ის დაცემაში
- “მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს” - შალვა პაპუაშვილი
- “კარგი პოლიტიკური სიგნალები მივიღეთ, მათ შორის აშშ-სგან და ევროპელი მეგობრებისგან – დახმარების მიწოდება აღდგა” - ზელენსკი