შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე, როგორც გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის, მათი ოჯახების მხარდაჭერის, ისე ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები. ხაზი გაესვა მოძიების პროცესის ეფექტიანობის ერთობლივად, შემდგომი გაუმჯობესების საჭიროებას, რათა მაქსიმალურად მოხერხდეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულება. ამ კონტექსტში, აღინიშნა და განხილულ იქნა პროგრამის სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტრატეგიული კვლევის დასკვნები და რეკომენდაციები, ასევე მისი აღსრულების ოპტიმალური გზები, რაც ეხმიანება საზოგადოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის წარმატებით განხორციელების მოლოდინს, ოჯახების ინტერესსა და საქართველოში მიმდინარე პროგრამის სპეციფიკას.
„დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების და მათი ოჯახების თანადგომის პროგრამის მიმდინარეობასა და მისი შემდგომი მდგრადობის, ისევე როგორც ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფის კონკრეტულ გზებზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს მსჯელობა დიდწილად ეყრდნობოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით განხორციელებული სტრატეგიული გადახედვის დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა საფუძველზე უახლოეს მომავალში იგეგმება წითელ ჯვართან ფორმალური დისკუსიის დაწყება პროგრამაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის გაზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გაძლიერდეს კოორდინაცია, კიდევ უფრო მეტი აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ოჯახებთან და წითელი ჯვრის ნეიტრალური შუამავლობით და ძალისხმევით დაიხვეწოს როგორც ეროვნული, ასევე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების გამართული ფუნქციონირება, რათა მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიება და მათი ოჯახებისთვის დაბრუნება შევძლოთ,“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
