ქუთაისის ცენტრალურ არქივში გამოფენა - ,,ქუთაისი - დემოკრატიული საქართველოს წიაღში’’ გაიხსნება
13 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ არქივში გაიხსნება გამოფენა ,,ქუთაისი - დემოკრატიული საქართველოს წიაღში’’.
ღონისძიება ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფის მიერ მომზადდა ქალაქ ქუთაისის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მხარდაჭერით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საუკუნის წინანდელ ქუთაისთან დაკავშირებული ვიზუალური თუ შინაარსობრივი მასალა, მათ შორისაა თბილისისა და ქუთაისის ცენტრალურ არქივში, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სხვადასხვა პირად არქივსა და ძველ ქართულ პრესაში დაცული მასალებიც. დამთვალიერებლის თვალწინ ქუთაისის ყოველდღიური ცხოვრების სურათები გაცოცხლდება, უნიკალური ფოტომასალა სხვადასხვა თემატიკას მოიცავს, ბანერებზე გამოსახული იქნება:
ქართველი მწერლების შეკრება ქუთაისში პოეზიის დღის აღსანიშნავად, ჯგუფურ ფოტოზე იმ პერიოდის ქართველ მწერალთა უმრავლესობაა თავმოყრილი - დავით კლდიაშვილი, შალვა დადიანი, ნიკო ლორთქიფანიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე და სხვები, ძველი ქუთაისის შენობა-ნაგებობები, ქუჩებისა და ხედების, საცხოვრებელი სახლების ფოტოები და პროექტები, სპორტული საზოგადოება ,,შევარდენი’’ ქუთაისში, მეზობელი სოფლებიდან რიონით შეშის შემოზიდვის პროცესი, ქუთაისელი ხელოსნები და ქუთაისელი სემინარიელები, საპატიო სტუმრები ქუთაისში
და ა.შ.
პრესის მასალაში გვხვდება სხვადასხვა ინფორმაცია იმ პერიოდის ქუთაისთან დაკავშირებით: მაგ.: თუ როგორ აღინიშნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისელი მოსწავლეები გამოსცემენ სალიტერატურო ჟურნალს “წინსვლის ემბლემა’’; მელიტონ ბალანჩივაძე ხსნის სამუსიკო სკოლას ქუთაისში; ქუთაისელები ითხოვენ მუზეუმის გახსნას ტექსტით: ქუთაისი მისთვისაა გაჩენილი, რომ აქ იყოს მუზეუმი; ქუთაისში არსდება „თავისუფალი ესთეტიკის საზოგადოება” და ა.შ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
