პარიზში გამოცემული უნიკალური რუკა, სადაც დავით გარეჯის მონასტრები პირველად არის დაფიქსირებული
გიორგი ლობჟანიძე:
- ეს ერთადერთი ძველი რუკაა, სადაც კარგად ჩანს გარეჯის მონასტრები. დავით გარეჯის მონასტერი პირველად დაფიქსირებულია გიიომ დელილისა (Guillaume Delisle) და სულხან-საბა ორბელიანის ერთობლივ რუკაზე, რომელიც 1723 წელს პარიზში გამოიცა. რუკაზე დატანილია დავით გარეჯის მონასტრები და საზღვარი საქართველოს მაშინდელ მოსაზღვრე სახელმწიფოებთან - შირვანთან და განჯასთან. იმ დროს ეს სპარსეთის დაქვემდებარებაში მყოფი, ფეოდალური წარმონაქმნები გახლდათ. აღნიშნული რუკა ყველაზე ძველია, სადაც აღნიშნულია დავით გარეჯა და მთლიანად ჩვენს საზღვრებშია ყარაიას ველი, გარეჯის ქედი, მტკვრის და იორის შესართავი.
გიიომ დელილმა მოგვიანებით სულხან-საბა ორბელიანის მიერ გადაცემული მასალა სპარსეთის შაჰის კარზე საფრანგეთის სამი ელჩის - კრუზიუსის, ზურაბეკისა და ფაბრიციუსის ინფორმაციებით შეავსო და რუკას ჩრდილოეთ კავკასია და კასპიისპირეთი დაუმატა.
როგორც მოგახსენეთ, რუკა ფრანგმა კარტოგრაფმა გიიომ დელილმა 1723 წელს პარიზში გამოსცა. კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა რომ სულხან-საბა ორბელიანის კარტოგრაფიულ მასალებს ეფუძნება, აღნიშნულია რუკის სათაურში: "შედგენილია მეფის განკარგულებით ქართველი თავადის სულხან-საბას (Soskam-Sabbas) ხელნაწერი მასალების მიხედვით, აგრეთვე სპარსეთის საელჩოს ელჩების - კრუზიუსის, ზურაბეკისა და ფაბრიციუსის მიერ".
ეს რუკა შემდგომ ამსტერდამშიც გამოსცა ჟუანეს კოვენსისას და კორნელის მორტიეს კარტოგრაფიულმა გამომცემლობამ.
სულხან-საბა ორბელიანმა დიპლომატიური მისიით ევროპაში 1713-1716 წლებში იმოგზაურა. 1714 წელს ლუდოვიკო XIV-ს შეხვდა და ვახტანგ VI-ის წერილი გადასცა, აგრეთვე ალბათ რუკაც, რომელიც შემდგომ დელილმა შევსებული სახით გამოაქვეყნა, სამი ელჩის ცნობების გათვალისწინებით. დელილის ეს რუკა აღწერილი აქვთ გრიგოლ ზარდალიშვილს, ირაკლი მათურელსა და გიორგი ლობჟანიძეს.
ნაბეჭდი რუკის ერთი ეგზემპლარი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში, ასევე კერძო კოლექციებში. ეჭვს არ იწვევს, რომ რუკის ცენტრალური ნაწილი (საქართველო) ნამდვილად სულხან-საბას ეკუთვნის: ქართლის ის ნაწილი, სადაც ორბელიანების მამულები მდებარეობდა, რუკაზე განსაკუთრებული სიზუსტით არის დატანილი, აგრეთვე დატანილია ორბელიანების სასახლეც. დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს დამაკავშირებელი გზა ზემო იმერეთზე გადის. ქობულეთი წარმოჩენილია, როგორც მთავარი ნავსაყუდელი.
სულხან-საბა ორბელიანის შემდეგ, ვახუშტი ბაგრატიონის შრომებმა, რომლებიც უმალვე გავრცელდა ევროპაში, ერთბაშად გაზარდა ევროპელ კარტოგრაფთა წარმოდგენა საქართველოსა და კავკასიაზე, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ევროპული კარტოგრაფიის განვითარების საქმეში.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა