დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება
დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.
ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ.
თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.
მინისტრის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა.
მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.
„წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არამხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება, პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს.
მისივე განმარტებით, სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, აღნიშნული ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტების მიმოქცევის კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
