ეს სწორი არ არის, საბჭომ შეცდომა დაუშვა - ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკოორდინაციო საბჭომ შეცდომა დაუშვა, როცა კოვიდგადატანილ მოქალაქეებს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად მიანიჭა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვლება.
„რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ეს ასე არ არის. აღსრულების მექანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო პირბადის ტარებაზე. ამიტომ, არ მგონია, ამან ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა ჩაიტაროს აცრა.
აქვე იქნება ალბათ, კითხვა იმის თაობაზე, როგორ ვუყურებ იმას, რომ ყველა კოვიდგადატანილს „მწვანე პასპორტი“ ეძლევა. ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს „მწვანე პასპორტს“, რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება. მათ, ვითაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვს გადატანილი, მათ უნდა მიეცეთ „მწვანე პასპორტი“, ასეა სხვა ქვეყნებში. საქართველოს ექნება ორი კოვიდპასპორტი, ერთი უცხოელებისთვის, სადაც ბოლო 6 თვის კოვიდი ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც ყველა კოვიდგადატანილი ჩაითვლება, ეს სწორი არ არის და იმედი მაქვს, ამას გამოასწორებენ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
