"საქართველო ხმას აძლევს დასავლეთს და არა აღმოსავლეთს"- «Euractiv»
ბელგიურ გამოცემა „ეურაქტივ“-ში («Euractiv») გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის სტატია სათაურით„საქართველო ხმას აძლევს დასავლეთს და არა აღმოსავლეთს“, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს თანამედროვე, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია:
„რუსეთის ოკუპაციის, „კოვიდ-19“-ის პანდემიის და მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის განმტკიცებას - მთავრობა ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს“, - წერს არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის სპიკერის პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხს - „რეფორმა უნიშვნელოვანეს მომენტად ითვლება საქართველოს გზაზე თავისუფალი ერების დასავლური ალიანსისაკენ. სწორედ ეს არის ჩემი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი მთავრობის მთავარი პროგრამა“, - ხაზგასმულია სტატიაში. ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ოპოზიციასთან დადებული შეთანხმების რეალიზებით, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს. „აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების საელჩოებმა მოგვიწოდეს სრულად შევასრულოთ შეთანხმება და ამით საკონსტიტუციო ცვლილებების წარმატებით მიღება ვუზრუნველყოთ. მე ამ მოწოდებას სრულებით ვეთანხმები. აშკარაა, რომ რეფორმა საზოგადოების ფართო მხარდაჭერით სარგებლობს“, - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.
არჩილ თალაკვაძე წერს საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, საქართველოს მოანწილეობაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამშვიდობო მისიებში, აღნიშნავს ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევებისა და მოსკოვის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. „საქართველოს გრძელვადიან მიზანს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს. ამ კურსს მხარს უჭერს მოსახლეობის 80%“, - ხაზს უსვამს პარლამენტის თავმჯდომარე.
პუბლიკაციის დასასრულს ნათქვამია:
„საქართველოს საარჩევნო რეფორმა სარგებლობს როგორც ქართველი ხალხის, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოების მხარდაჭერით. იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციური პარტიები გააცნობიერებენ მომენტის სერიოზულობას და უარს იტყვიან პოლიტიკურ თამაშებზე. ახლა მათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უნდა განახორციელონ რეფორმა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის. ქვეყნის ისტორიაში ახალი თავი იწერება - საქართველოს 3,7 მილიონიანი მოსახლეობა კიდევ ერთ გაბედულ ნაბიჯს დგამს ნათელი მომავლისაკენ, როგორც დასავლური სამყაროს დემოკრატიული სახელმწიფო“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.euractiv.com/section/eastern-europe/opinion/georgia-votes-on-turning-west-not-east/
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე