ამ გვერდის ამობედვა

"პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი

პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო? არაფერი მაქვს ასაღიარებელი, საჯარო განცხადებები იყო ჩემი და არაფერია იმის იქით. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, დაშავებას არ მედავებიან. განსხვავება რა არის ჩვენს შორის, იმან ასე აღიქვა, აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მან ვიდრე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენის გამოსატანად გავიდოდა, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

„ყველამ ნახა, რომ 9 თვეა, პატიმრობაში ვიმყოფები, 3 საათი გაგრძელდა ჩემი სისხლის სამართლის საქმე, მთელი 9 თვე ციხეში ვარ იმიტომ, რომ 3 საათი იყო ჩემი პროცესი. აგერ არის პროკურორი და თუ სხვანაირად იყო შემისწოროს. ადმინისტრაციული დავები გრძელდება ხოლმე 3 და 4 საათი.

საბოლოო ჯამში, 9 თვის თავზე რა აღმოჩნდა, ყველამ ნახა. ჩემი საქმე ალბათ, 10 გვერდი იქნება თავი ბოლო, რადგან 3 მოწმე ჰყავდათ გამოძახებული, მოწმე არ არსებობს 3 გამოძახებული ადამიანი ჰყავდათ, იქიდან ორი არ მოიყვანეს. 9 თვე ციხეში იმიტომ ვიყავი, რომ მათზე ზეწოლა არ მომეხდინა და საბოლოო ჯამში, არ მოიყვანეს.

საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა არაფერი დევს, ბატონმა პროკურორმა 6 ვიდეო გვაჩვენა, 10 წუთის ვიდეო იყო თავი ბოლო.

სხვათა შორის, ის რომ ამ 9 თვის განმავლობაში პროკურორი არ ჩანდა საჯაროდ და განცხადებებს არ აკეთებდა, მე მგონი, ეს ბევრის მიმანიშნებელია, ყველა საქმეზე ლაპარაკობენ ხოლმე საჯაროდ, პატივცემულის საჯარო განცხადება არ მინახავს, რომ პოზიცია დაეცვა.

ამ საქმეში არ არის დაზარალებული, არ არის ობიექტი, არ არის ობიექტი, ვისაც გადავცემდი, არ არსებობს სიკეთე რომელსაც მივიღებდი. როცა ადამიანს სამოხელეო დანაშაულს ედავებიან, თურმე, ვიღაცას რაღაცას ვთავაზობდი, სიკეთე, რომელსაც მივიღებდი, ბუნებაში არ არსებობს, ან მატერიალური სიკეთე ან კეთილდღეობა.

ერთ რამეზე ვფიქრობდი, პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო? არაფერი მაქვს ასაღიარებელი, საჯარო განცხადებები იყო ჩემი და არაფერია იმის იქით. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, დაშავებას არ მედავებიან. განსხვავება რა არის ჩვენს შორის, იმან ასე აღიქვა, აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში. ბევრს არ გავაგრძელებ, მირჩევნია, რაც შეიძლება სწრაფად, დაწყებიდან ვითხოვდი სწრაფი მართლმსაჯულება ყოფილიყო, და მაინც 9 თვემდე მოვედი, აგერ ვარ და გისმენთ",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებოდნენ, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა. ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.

წაკითხვა 123 ჯერ