ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს

საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს. შესაბამისი ცვლილებები “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ხორციელდება და მას პარლამენტის დაჩქარებული წესით განიხილავს.

პროექტის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5-წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1-წლის ვადით.

C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოდის და რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.

კანონის პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, C5 კატეგორიის ახალი ვიზის შემოღება განპირობებულია შედარებით უსაფრთხო ქვეყნებიდან მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე ვიზიტორების მოზიდვის სტრატეგიული საჭიროებით.

„ახალი რეგულაციით იქმნება მექანიზმი, რათა აღნიშნულმა პირებმა შეძლონ განგრძობითი პერიოდის განმავლობაში მრავალჯერადად შემოსვლა საქართველოში, რის სანაცვლოდაც ისინი გადაიხდიან შესაბამის, მაღალ სავიზო მოსაკრებელს. C5 კატეგორიის ვიზის შემოღება წარმოადგენს მიზნობრივ და თანამედროვე ეკონომიკურ ინსტრუმენტს, რომელიც მიმართულია მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე უცხოელი ვიზიტორების მოზიდვისკენ.

აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შეძლებული ტურისტები გამოირჩევიან მაღალი მსყიდველუნარიანობით და ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მასპინძელი ქვეყნისთვის. მათი ვიზიტები ზრდის ტურიზმის სექტორში შემოსავლებს, აძლიერებს მომსახურების სფეროს და უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის სტაბილურ შემოდინებას. C5 ვიზა ქმნის ინვესტიციების მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალი ქონებრივი სტატუსის მქონე ვიზიტორები ხშირად ინტერესდებიან ბიზნესის დაწყებით, რაც ეკონომიკაში დამატებითი კაპიტალის შემოდინებას იწვევს. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა შეიძლება იქცეს ინვესტიციების სტიმულირების ეფექტურ მექანიზმად.

სახელმწიფოსთვის დამატებითი სარგებელი გამოიხატება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაშიც. C5 ვიზის მიღება დაკავშირებული იქნება სპეციალურ სავიზო მოსაკრებლებთან და იმ ეკონომიკურ აქტივობასთან, რომელსაც ვიზის მფლობელები ქვეყანაში განახორციელებენ. მათი ხარჯვა პირდაპირ აისახება გადასახადების ზრდაზე და ზრდის სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებს.

მაღალი შემოსავლების მქონე ვიზიტორების მოზიდვა ხელს უწყობს ეკონომიკის დივერსიფიკაციას. მათი მოთხოვნები ქმნის განვითარებისთვის ახალ მიმართულებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, განათლება და მაღალი დონის სერვისები. შედეგად, ეკონომიკა ხდება უფრო მრავალფეროვანი და მდგრადი ამასთანავე, გამარტივებული მიმოსვლა ხელს უწყობს ტურისტების შემოსვლას არასეზონურ პერიოდშიც (ე.წ. "Off-peak seasons"), რაც უზრუნველყოფს ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობას მთელი წლის განმავლობაში, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმართებით ბარათში.

წაკითხვა 83 ჯერ