" მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი"
საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ შეგვიძლია ყველას ვიამაყოთ იმით, რასაც ერთად ვაკეთებთ და თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რასაც ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ და ასევე თქვენი წვლილით ნატოს მისიებში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის დროს ნატოსა და საქართველოს შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე იმსჯელეს.
იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
„მივესალმებით პროგრესს, რასაც საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით აღწევს. თქვენმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თქვენი ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ და მისი წევრობისთვის მოემზადოთ“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოსთვის,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"