"დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ" - პრეზიდენტი
დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ - კიდევ ერთხელ ვგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა.
კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.
ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან