"მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება"
მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარი მისი მანდატის ფარგლებს ცდება.
„შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა. ეს დაკავშირებული იყო, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, იუსტიციის სკოლის გამიჯვნასთან, გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც, მათ შორის, პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.
ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა