"დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა" - აშშ-ის საელჩო
„ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ამის შესახებ ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 6 მარტს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა ხუთშაბათს გაიმართებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატები კანონპროექტზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებდნენ.
7 მარტს პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვას საზოგადოება პარლამენტის წინ აპროტესტებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან