17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მსვლელობა 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 08:00-დან 14:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ასევე, ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე. მათივე ცნობით, რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით.
„მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან.
თავისუფლების მოედანზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეიზღუდება ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა