ამ გვერდის ამობედვა

"ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი

ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი იმ მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვისაა საჭირო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ქადაგებისას აღნიშნა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ოჯახის მნიშვნელობაზე იქადაგა და დასძინა, რომ თავგანწირულ სიყვარულს ბავშვი მშობლების მაგალითზე სწავლობს.

"დღეს ჩვენ ვზეიმობთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან მღვდელმთავრები მსოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან და ყველანი ერთად განვასახიერებთ უფალ იესო ქრისტეს ერთ დიდი ოჯახს. გილოცავთ ამ დღეს. ბევრი სიტყვა ითქვა დღეს ოჯახის მნიშვნელობის შესახებ. რა თქმა უნდა, მადლიერებით ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც ეს დღე დაგვიწესა და მის მიერ დაარსებულ საყოველთაო ნათლობებს, რამაც ასე ხელი შეუწყო ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიის გაუმჯობესებას და ოჯახური ღირებულებების დაცვას. მინდა მოგახსენოთ, რომ საყოველთაო ნათლობების ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება. იცით, რომ ოჯახური ცხოვრება ღმერთის მიერ არის შექმნილი, როგორც ადამიანის ყოფიერების ფორმა.

რატომ მისცა ეს ოჯახური ცხოვრება ადამიანს? მისცა იმიტომ, რომ ოჯახმა ადამიანი სასუფევლამდე მიიყვანოს. იმიტომ, რომ ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი იმ მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა. ეს არის თავგანწირული სიყვარული. ამას სწავლობს არა როგორც მხოლოდ გრძნობას თუ ემოციას, არამედ პირველ რიგში, როგორც სულიერ თვისებას, რადგან სახარებისეული ქრისტიანული სიყვარული არის პირველ რიგში, თვისება, ვიდრე გრძნობა და ემოცია. ეს განსხვავება ბევრ ადამიანს არ ესმის და ფიქრობენ, რომ როდესაც არ აქვთ მაგალითად, მტრისადმი თუ არაკეთილმოსურნისადმი თბილი გრძნობები, ფიქრობენ, რომ სიყვარული არ აქვთ იმიტომ, რომ ეს განსხვავება არ იციან. ადამიანი ბავშვობიდანვე ღმერთთან შეიძლება მივიდეს მხოლოდ ნორმალურ, კარგ, ქრისტიანულ ოჯახში, სადაც ეს თვისებები ისწავლება. ადამიანი ხედავს, როგორ ეპყრობა მამა დედას, დედა მამას, როგორი ურთიერთობაა მშობლებს შორის და ნელ-ნელა სწავლობს ამ თავგანწირულ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ჭაბუკობის ასაკში ამ თვისებას ჩვენ ადამიანს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ის გადის ამ სკოლას მოთმინების, თავმდაბლობის, დათმობის, სულგრძელობის, კეთილშობილების, სიმამაცის. ასეთ ბედნიერ ოჯახში იძენს ამ მთავარ თვისებას“, - აღნიშნა პატრიარქმა.

 
 
 
 
წაკითხვა 92 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 17 2026