„ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი, რომელიც შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება, 4 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე შევა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეზე ოპოზიცია პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს.
„ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს 4 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.
საპარლამენტო ოპოზიცია დადგენილების პროექტში მიუთითებს, რომ პრეზიდენტის მიერ 28 ოქტომბერს განხორციელებული შეწყალება გამოძიების საგანი უნდა იყოს, ვინაიდან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება.
„ევროპული საქართველო“ ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებისა, ამ დრომდე არ გამოკითხულა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტისთვის არ წარუდგენია შუალედური ინფორმაციაც კი.
დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:
1. შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, კონკრეტულად ვისი რეკომენდაციითა და რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია;
2. რა როლი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში;
3. არსებობს თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა შესაძლო კავშირი შეწყალებულ პირებთან და მათ ოჯახებთან;
4. არსებობს თუ არა კორუფციული სქემა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში და ვინ არიან ამ სქემის მონაწილე პირები.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოში განხორციელებულ შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, ვინაიდან შეწყალებულთა შორის არიან პოლიციელის მკვლელობისთვის, გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული და ძებნილი პირი. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და შეწყალების საკითხთან მიმართებაში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დააანონსა.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე