„ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად მეტი იქნებოდა მიღწეული“ - სააკაშვილის თქმით, ის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკითხეს
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუწყება, რომ დღეს, 24 ოქტომბერს ისიც დაკითხეს 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე. ის აცხადებს, რომ ამაში ჩართული არ ყოფილა.
სააკაშვილის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ის პროკურატურის [უწყებას უწოდებს „ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურას“] ინიციატივით დაკითხეს „ვითომ მოსამართლესთან“.
„ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია დაკავებული და ახლა უკვე მე მომადგნენ“, - წერს ის.
„უკვე მეხუთე წელია პატიმრობაში ვარ გამოგონილი ბრალდებებით, მე განვუცხადე რუსული პროვინციული ტირანიის წარმომადგენლებს, რომ ისინი წარმოადგნენ საქართველოს მტრებს“, - წერს სააკაშვილი.
„ისინი მეკითხებოდნენ ჩემს კავშირზე ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან, თუმცა უკვე მეხუთე წელი ვიმყოფები პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში. სატელეფონო კავშირის აკრძალვის პირობებში მუდმივი აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობის და ჩაწერის ქვეშ“, - ასეთია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.
ექსპრეზიდენტის თანახმად, ეკითხებოდნენ პოსტებზე, რომლებიც, მისი თქმითვე, „არანაირად არ წარმოადგენდნენ რაიმე ძალადობისკენ მოწოდებას“ - „ვინაიდან მე ისტორიაში ვარ შესული, როგორც მთელს მსოფლიოში განთქმული მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერი“.
„ჩემი იმიტომ კი არ ეშინიათ, რომ სახალხო კრებაში ვიყავი ჩართული, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად უფრო მეტი იქნებოდა მიღწეული სრულიად მშვიდობიანად“, - აცხადებს იგი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო