ამ გვერდის ამობედვა

უელჩო საელჩოები - სადამდე მივა დიპლომატიური კრიზისი

“ქვეყანაში დიპლომატიური კრიზისი თანდათან მწვავდება, საქართველოში უკვე სამი საელჩოა ელის გარეშე დარჩენილი - გერმანიის, აშშ-სა და უკრაინის. ამასთან, “ოცნება” ევროკავშირის ელჩს “ტერორისტების მხარდაჭერაში” ადანაშაულებს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პროცესი განგრძობადი აღმოჩნდეს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან კავშირი “ქართულმა ოცნებამ” თავად გაწყვიტოს, ან ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. “დიპლომატიური კრიზისი აუცილებლად გადაიზრდება სახელწიფოთაშორის კრიზისში და ეს შემდეგ ალბათ უკვე მოიცავს ადამიანთა ყველა ფენას, როგორც ეკონომიკურ სფეროს, ისე პოლიტიკურს, რაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით”, - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. ხოლო გია აბაშიძის თქმით, “ელჩი უნდა ზრუნავდეს ქვეყნებს შორის შეკავშირებაზე, ან საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემდგომ ინტეგრაციაზე, მაგრამ მათი საქმიანობა შავბნელ ძალებს უკავშირდება, რომლებიც კონსტიტუციისგან შორს არიან და ღიად და დაუფარავად შიდატერორისტულ საქმიანობას ეწევიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უელჩო საელჩოები - სადამდე მივა დიპლომატიური კრიზისი.

“2022 წელს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი რუსეთის შეჭრის ფონზე კონსულტაციებისთვის გაიწვია, მიზეზად კიევიდან ოფიციალური თბილისის არამეგობრული განცხადებები დასახელდა. 2024 წელს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინიც გაიწვია. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კი ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა დაასახელა. მიმდინარე წლის 5 ივნისს საქართველოში აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ 2023 წლის ოქტომბერში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ელჩი რობინ დანიგანი, 2025 წლის ივლისში დატოვებდა ქვეყანას. დანიგანმა წასვლის მიზეზად პენსიაზე გასვლა დაასახელა, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია. 16 ივლისიდან აშშ-ს ელჩის მოვალეობას ალან პერსელი ასრულებს, ის საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა, როგორც მისიის ხელმძღვანელის მოადილე. ამა წლის 19 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ უწყების ხელმძღვანელმა იოჰან ვადეპულმა კონსულტაციებისთვის საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გაიწვია, მიზეზად დასახელდა “საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფიშერის წინააღმდეგ აგიტაცია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს იმ პოლიტიკიდან გამომდინარეობს, რასაც “ქართული ოცნება” ატარებს ჩვენი პარტნიორების მისამართით და მათი მხრიდანაც შესაბამისი რეაქციებია. რა თქმა უნდა, სხვა პრეცედენტებიც იქნება და არ გამოვრიცხავ იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ზოგიერთ ქვეყანასთან ურთიერთობაზე თავად თქვას უარი, ჩვენი პარტნიორები ალბათ თავადაც მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. იზოლაციაში ფაქტობრივად უკვე ვართ, ეს იზოლაციის გაფორმებას ნიშნავს, ანუ იურიდიულად ფორმდება ჩვენი ქვეყნის იზოლაცია. დიპლომატიური კრიზისი აუცილებლად გადაიზრდება სახელწიფოთაშორის კრიზისში და ეს შემდეგ ალბათ უკვე მოიცავს ადამიანთა ყველა ფენას, როგორც ეკონომიკურ სფეროს, ისე პოლიტიკურს, რაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. აღმოვჩნდებით მძიმე კრიზისში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სასიამოვნო ინფორმაციაა ის, რომ გერმანიის ოპოზიციის ტოპ ლიდერი “ალტერნატივა გერმანიისთვის” სერიოზულად დაინტერესდა ე.წ. ელჩი ფიშერის საქმიანობით და რაც მთავარია, აქ გერმანული ფულით დაფინანსებული ენჯეოებით, რომლებიც ექსტრემიზმთან არიან დაკავშირებულები. ნებისმიერი დემოკრატიული ძალა, ევროპა იქნება თუ სხვა, ყოველთვის საკუთარი სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვითაა დაინტერესებული. მაგრამ თუკი ბიუჯეტიდან ექსტრემიზმის წამქეზებელი ჩინოსნები, ანუ დიპლომატები და მასპინძელი ქვეყნების ენჯეოები ფინანსდებიან, რომლებიც ღიად და დაუფარავად ხელისუფლების დამხობას მოუწოდებენ, ეს არც გერმანელი და არც ზოგადად ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ინტერესებში ნამდვილად არ შედის”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“რაც ფიშერთან დაკავშირებით მოხდა, ამას სხვა შემთხვევებშიც ექნება განმეორებითი ხასიათი, რადგან აქ იმაზე კი არ არის, რომ “ქართული ოცნება” ამა თუ იმ პარტიასთან თანამშრომლობს, არამედ ის ხაზგასასმელი და შოკისმომგვრელი ფაქტები, როდესაც მაგალითად ფიშერი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი ქალბატონი გასრი, თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა სამარცხვინოდ თანამშრომლობენ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან აქეზებენ, გრანტებსაც აძლევენ და ეს ნამდვილად არ შედის არც ერთი ქვეყნისა და ბლოკის ბიუჯეტის ყაირათიანად დახარჯვის კონტექსტში. ყველაფერს ცენტებში ითვლიან, გინდ ევროპაში, გინდ ამერიკაში, ამიტომ წარმოუდგენელი და უპრეცედენტოა, როდესაც ელჩი უნდა ზრუნავდეს ქვეყნებს შორის შეკავშირებაზე, ან საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემდგომ ინტეგრაციაზე, მაგრამ მათი საქმიანობა შავბნელ ძალებს უკავშირდება, რომლებიც კონსტიტუციისგან შორს არიან და ღიად და დაუფარავად შიდატერორისტულ საქმიანობას ეწევიან”, - მიიჩნევს აბაშიძე.

“პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს პატიმრობაში მყოფი ზვიად ცეცხლაძის გასული წლის ვიდეოს, სადაც ის აქციებზე “თავდაცვის და თავდასხმის გზებზე” საუბრობს. მისივე თქმით, “ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა”. “ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი პეტერ ფიშერს საქართველოში “დიპ სტეიტის” პოლიტიკის განმახორციელებლად მიიჩნევს. “ეს არის არა უბრალოდ ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ კრიმინალური ოპოზიციის მხარდაჭერა და წაქეზება. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები ბატონ ფიშერს პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ამ კითხვების დასმას დაემთხვა ელჩის გაწვევაც... გვახსოვს ამერიკის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის გაწვევაც, რომელსაც ძალიან მოულოდნელად შეუწყვიტეს დიპლომატიური მისია და არამხოლოდ საქართველოში - ნაადრევად გაუშვეს პენსიაზე განაცხადა სუბარმა, რომლის თქმით, ესეც გაფრთხილება უნდა იყოს სხვა ელჩებისთვის”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 282 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 23 2025