ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად სასამართლოს ოქტომბერში მიმართავენ
“ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ოქტომბერში მიმართავენ.
„ოქტომბერში შევა წესით შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
26 სექტემბერს საქართველოს იუსტიციისა და კულტურის ყოფილმა მინისტრმა, "ოცნების" დეპუტატმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულების გამოსავლენად მომზადდა, გამოყენებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მისი წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად.
„ეს არ არის უბრალოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა. აქ არის მოცემული მტკიცებულებები და ფაქტები. კერძოდ, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ძალას, რომელიც 9 წელი მართავდა ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, არ აქვს თავის თავში რესურსი, შეიცვალოს. არც ნება აქვს ამის, არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გვიქადის, სულ მცირე, იმავეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ უარესსაც კი”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 2025 წლის თებერვალში. ჩაატარა 46 სხდომა, რომელთა ფარგლებშიც გამოიკითხა 139 ადამიანი. ანგარიში, რომელიც თეა წულუკიანის კომისიამ ექვსთვიანი მუშაობის შედეგად შექმნა, 460-გვერდიანია (დანართების გარეშე) და ხუთი თავისა და ასზე მეტი ქვეთავისგან შედგება. დამატებით, დანართების ნუსხა კიდევ ათ გვერდზე მეტია.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა