"საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
საქართველოში დემონსტრანტებისთვის პატიმრობის შეფარდება განსხვავებული აზრის ჩასახშობად მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას ასახავს, - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი „ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 20 დემონსტრანტისთვის, მათ შორის, აქტივისტ საბა სხვიტარიძისთვის და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისთვის პატიმრობის განაჩენის გამოტანას ეხმაურება“.
„ანდრო ჭიჭინაძის, საბა სხვიტარიძისა და სხვა პირების სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. საქართველოში დემონსტრანტებმა ადამიანის უფლებების დარღვევები განიცადეს, მათ შორის წამება, არასათანადო მოპყრობა, თვითნებური დაკავებები და უსამართლო სასამართლო პროცესები“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „აღნიშნული საქმეები ასობით დემონსტრანტისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლების სისტემურ დარღვევას აღნიშნავს“.
„საბა სხვიტარიძეს, რომელსაც ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით შეეფარდა, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ ეფექტური გამოძიების უფლება არ მიეცა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს უსამართლო განაჩენები და უზრუნველყოს საბა სხვიტარიძის, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვების გათავისუფლება და მათთვის ხელახალი სამართლიანი სასამართლო პროცესების ჩატარება. ყველა, ვინც მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის არის დაკავებული, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა