ამ გვერდის ამობედვა

"რუსეთი არ არის მეგობარი, მას მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვს" -  რა გვასწავლა 2008 წლის აგვისტოს ომმა

7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა.

ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

 

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

 

როგორ იხსენებს საზოგადოების ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომს და რა გვასწავლა ამ ომმა?! -  FirstNews.ge  გამოკითხვას გთავაზობთ:

 

კახა გალდავა - სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მენტორი ისტორიის მასწავლებელი

 

„როდესაც 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომზე ვფიქრობ, ვაცნობიერებ რამდენად დიდი ცვლილებები გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. ომმა დიდი საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დევნილად ქცეულიყო. ომს ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.

ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაყოფა რამაც უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოების ემოციურ სტაბილურობაზე. მახსოვს ჩვენი სახლის ახლოს ხონის სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას რამდენიმე ბომბის ჩამოგდება, მოლოდინი იმისა, რომ ეს ერთჯერადი არ იქნებოდა და განმეორებას ველოდებოდით, ვფიქრობდით, რომ თავშესაფარი უნდა გვეპოვა და როგორმე გადავრჩენილიყავით. სახლები, ქუჩები, ირგვლივ ყველაფერი საოცრად ჩაბნელებული და თითქოს მიტოვებული იყო, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდიდა…

მაშინაც და ახლაც ერთნაირად ვფიქრობ მიმდინარე პროცესებზე. აგვისტოს ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის იმპერიალისტური და აგრესიული ბუნება, რომლისთვისაც არ არსებობს საერთაშორისო სამართალი და სახელმწიფოების სუვერენიტეტი. რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა არა მხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომელიც მოიცავდა დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, ეკონომიკურ ზეწოლას და საინფორმაციო პროპაგანდას. ამ ომმა ნათლად აჩვენა, რომ რუსეთისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიუღებელია და ის მზადაა, ამის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერ ზომას მიმართოს. რუსეთმა კვლავ გააგრძელა „მცოცავი ოკუპაცია“, მავთულხლართების გაბმა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვა.

აგვისტოს ომმა ცხადყო, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს სამხედრო დაგეგმარებაში, მართვისა და კონტროლის სისტემებში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საზოგადოების ბიპოლარიზება და არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.  კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ რუსეთი არ არის მეგობარი, მას მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვს, თუმცა საზოგადოების ნაწილი სამწუხაროდ სხვაგვარად აფასებს მოვლენებს…  რუსეთი ოკუპანტია, მისთვის მიუღებელია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის მზადაა, ნებისმიერ ზომას მიმართოს ამ პროცესის შესაჩერებლად.

 

მზია კუბეცია - წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი წყალტუბოს პირველი სკოლის მენტორი მასწავლებელი

 

„აგვისტოს ომი აფხაზეთის შემდეგ კიდევ ერთი საშინელება იყო საქართველოს მოსახლეობისთვის. ომის შედეგები ყველას მოგეხსენებათ, გამანადგურებელია  ყოფიერი  ცხოვრებისთვის და ამ ომმა ის მასწავლა, რომ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს გონიერი პოლიტიკოსები, დიპლომატები და სათანადოდ აღჭურვილი სამხედრო ძალა, რათა დაიცვას უდანაშაულო მოსახლეობა ჟლეტისა და განადგურებისაგან.“

 

პედაგოგი - მადონა აბაზაძე

 

„2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ჩვენი ერის ისტორიაში ღრმა და მტკივნეული კვალი დატოვა. საქართველოში ამ ტრაგიკულ დღეებს ვიხსენებთ, როგორც დაკარგული სიცოცხლეებისა და ეროვნული ტრაგედიის სიმბოლოს. ომმა დაგვიტოვა სოციალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც დღემდე გრძელდება.

აგვისტოს ომი მუდამ დარჩება ქართველი ერის მეხსიერებაში როგორც დიდი ტკივილის, ასევე ეროვნული ერთიანობის დღე. ამ ომმა გვასწავლა რომ აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო კავშირები, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. ასევე, დაგვანახა მედიის მნიშვნელობა. როგორია ინფორმაციული ომის კუთხით - თუ როგორ აცნობს ესა თუ ის მედია საშუალება ომს მსოფლიოს. ვის მხარეს იჭერს საერთაშორისო საზოგადოება.

ომმა გვასწავლა, რომ უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო უსაფრთხოება, ჰუმანიტარული ორგანიზაციების მობილიზება. ჩაგვახედა საერთაშორისო პოლიტიკურ სარკეში და დაგვანახა როგორც შეცდომები, ასევე ძლიერი მხარეც, ღირსება და სიმამაცე.

საბოლოოდ, აგვისტოს ომმა გვასწავლა რომ დღესაც აქტუალურია გამონათქვამი: ‘თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის", რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლება და მშვიდობა მუდმივად საჭიროებს დაცვას.“

 

მზია თადუმაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის - აკადემიური დოქტორი

 

„17 წელი გავიდა  აგვისტოს ომის დაწყებიდან,მაგრამ   ჩემს მეხსიერებას  ცხადად ახსოვს ის სამხედრო აგრესია, რომელსაც შეუქცევადი პროცესები მოჰყვა - მსხვერპლი, ნგრევა, იძულებითი გადაადგილება, შიში და წუხილი. ჩემთვის, „მოჩვენებითი მშვიდობის“  ეპოქაში დაბადებული ადამიანისთვის, რომელიც ლიტერატურის, ფერწერის და მუსიკის ესთეტიზებული ომის მაგალითებზე გაიზარდა,  ეს მოულოდნელი  მოვლენა იყო. თვალწინ მიდგას  იმ დროს ინფორმაციის ძირითად წყაროდ მიჩნეული   ტელევიზიიდან   პირდაპირ ეთერში გასული ომის ამბები და დაბომბვის კადრები , რომელიც აგვისტოს მოსახლეობასთან  ერთად კვლავ   ცოცხლდება.

უბრალო ჭეშმარიტებაა, ყოველი ფაქტის თუ მოვლენის შესაფასებლად დროის გასვლაა საჭირო. დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც უამრავი ინფორმაცია მოგვეწოდება, შედარებით მარტივია მომხდარზე მსჯელობა, სწორი დასკვნების გამოტანა,  მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი იყო. ომის საშიშროების განცდა ადუნებდა ჩვენი ანალიზის უნარებს და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, ამ ომს არ მიეღო მასიური  ხასიათი. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენთვის საკმაოდ ტრაგიკული და არასასიამოვნო მოვლენის შედეგად წარმოშობილი მრავალი პრობლემა დღეს კვლავ მოუგვარებელი და საფრთხის შემცველია. როგორც ერიხ მარია რემარკი იტყოდა : “ათასწლოვანი კულტურა და ცივილიზაცია მაინც ვერ აჩერებს სისხლის მომძლავრებულ ნაკადს“.

ისტორია საუკეთესო მასწავლებელია ყოველთვის, თუ მას სწორად ვკითხულობთ. მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ როგორ მივედით  ამ ომამდე. გავიაზროთ კომპლექსურად რა პოლიტიკური, სამხედრო და სამოქალაქო შეცდომები იქნა დაშვებული, მომავალში  სწორი მოქმედებისა   და ომის რისკების შესამცირებლად. უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გააკეთოს ჩვენნაირმა პატარა ქვეყანამ , მაშინ როდესაც დიდი სახელმწიფოების მადა განუსაზღვრელია. აქაც ჩვენი ქვეყნის ისტორია გამოგვადგება თავისი წარმატებული - წარუმატებელი მაგალითებით. დრო გავიდა, ცივილიზაცია განვითარდა, მაგრამ ადამიანების აგრესიული ბუნება არსად წასულა. ამიტომ არსებული  რეალობის გათვალისწინებით, ჩვენს საუკუნეშიც საფიქრალია კონფლიქტების მოგვარების თანამედროვე  საშუალებებზე.  მათ შორის  სამხედრო  მზადყოფნაზეც, რომელიც არ არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება, თუმცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მყიფე  მშვიდობის გზაზე. საყოველთაოდ ცნობილი ლათინური ფრაზის აზრიც ხომ ეს არის : “თუ გინდა მშვიდობა - ემზადე ომისთვის“.

წაკითხვა 120 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 07 2025