“ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
პარტია საქართველოსთვის მტკიცებით, "გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა - პირიქით, დავიცავით ჯამში 17.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია!".
14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას "ქმედებასთან დაკავშირებით" დაიკითხა. ამასთან, 16 ივნისს წულუკიანმა განაცხადა, რომ ჩორჩანას ეპიზოდის შესახებ გიორგი გახარიას "საგამოძიებო კომისიაზე" 23 ივნისს ხელმეორედ გამოკითხავენ.
პროკურატურამ კი, ვახტანგ გომელაურის გარდა, საქმეზე გამოკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, კახა კახიშვილი. ასევე, ყოფილი ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი.
ასევე, რეჟიმის პროკურატურამ გამოკითხა სოფლის მკვიდრი, რომლის თქმითაც, საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ, "სადღაც, 120 ჰექტარი ტყე მაინც დავკარგეთ - ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე".
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.
ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა