მდინარაძის თქმით, „მეგობარი აქტი“ ჭორაობის დონეზე შედგენილი დოკუმენტია.
„წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო, ასეა საქმე ქართული ეგრეთ წოდებული ოპოზიციის, სინამდვილეში, აგენტურის ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტთან, სინამდვილეში, მტრულ აქტთან დაკავშირებით. ვინმეს თუ კიდევ განმარტება სჭირდება, ხავსია ეს მტრული აქტი, წყალწაღებული არიან ქართული ოპოზიციის, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს ყველაფერი არასერიოზულია. ერთგვარი ლაკმუსის ტესტია, მათ შორის, აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებისთვის. შალვა თადუმაძე ჩაწერილია მოსამართლეების სიაში. ანუ, იმდენად ჭორაობის დონეზე შედგენილი დოკუმენტია, რომ მოსამართლეთა სიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩაწერეს. იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარი უკიდურესად არასერიოზულია. ამავე დროს, ერთგვარი ლაკმუსის ტესტია, რადგან ოლიგარქიული მმართველობის, არაფორმალური გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე თუ რეალურად არის საუბარი, ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაში, არ მოაწერენ ხელს, აღარ მიიღებს სენატი და ასე შემდეგ. ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“, „გლობალური ომის პარტიის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც თუ გაჩნდა, ეგრეთ წოდებულ მეგობარ, და სინამდვილეში მტრულ, აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს. ეს არის სუფთა ტესტი, მათ შორის, აშშ-ის ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტმა მამუკა მდინარაძეს ჰკითხა: „დონალდ ტრამპი თუ ხელს მოაწერს „მეგობარ აქტს“, როგორი იქნება „ქართული ოცნების“პოლიტიკა და იქნება თუ არა ეს საკმარისი საფუძველი, იფიქროთ უკან დახევაზე, კონკრეტული მოთხოვნების შესრულებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ახალ არჩევნებზე?“ – რაზეც მდინარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„პოლიტპატიმარი საქართველოში არ არსებობს, გულწრფელად ვამბობ. ხოლო პატიმრების გათავისუფლების საფუძველია ან გამამართლებელი განაჩენი, ან სასჯელის ვადის გასვლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მედიის წარმომადგენელმა მდინარაძეს კიდევ ერთხელ მიმართა კითხვით, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს „მეგობარი აქტის“ დოკუმენტს, რაზეც მდინარაძემ აღნიშნა:
„არაფერი, ჩვენ ყველას გვეცოდინება, რომ დონალდ ტრამპმა კი ვერ გაიმარჯვა „დიფ სთეითზე“, არამედ ამ შემთხვევაში „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა დონალდ ტრამპზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენა იქნება. ნამდვილად არ ვუსურვებ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას და ბატონ ტრამპს, რომ, თავისი დაპირების საპირისპიროდ, „დიფ სთეითმა“, არაფორმალური გავლენის მქონე ოლიგარქიულმა ჯგუფებმა ის დაამარცხონ. არ მაქვს ასეთი მოლოდინი. ბუნებით ოპტიმისტი ვარ, მაგრამ პრაგმატულ გათვლებზე დაყრდნობითაც ასეთი მოლოდინი არ მაქვს. გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას აშშ-ის ახალ პრეზიდენტს „დიფ სთეითის “ წინააღმდეგ ბრძოლაში, ამასთან დაკავშირებით ეს იქნება ერთგვარი ტესტი“.