,,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რეალურია მოთმინების პირობებში" - ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიღწევა შესაძლებელია ,,მოთმინებითა" და ,,თანმიმდევრული პოლიტიკით". ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,იმედთან” განაცხადა, 6 აპრილის ინტერვიუში.
,,მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ჯერ ცნობილი არ არის, საით წავა პროცესები, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში, მათ შორის რაც არის ჩვენი მთავარი ოცნება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ესეც არის რეალური, თუ ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას და თანმიმდევრულად გავყვებით ჩვენს პოლიტიკას. სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ამ საკითხის გადაჭრა დამოკიდებული, თუმცა მოთმინებით და სწორი პოლიტიკით ყველაფერი არის შესაძლებელი”, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა არაერთგზის წამოწიეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა. პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს, რაც საჭიროდ გახდის საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.
ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზად იქნებოდა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაეყვანა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.
ის ოსი ხალხისთვის 2008 წლის მოვლენების გამო ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზეც საუბრობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთს" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.
ამასთან, მოსკოვი აცხადებს, რომ არ აპირებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ,,დამოუკიდებლობის აღიარებაზე" უარის თქმას.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს