„კოალიცია ცვლილებისთვის“ პარტიულ სიაში ნიკა გვარამაია არ იქნება
პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიაში არ იქნება. 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ კოალიციის ლიდერად დარჩება და ასევე უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას.
„მე არ ვიქნები საარჩევნო (პარტიულ) სიაში. მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კვლავ მე ვრჩები კამპანიის ხელმძღვანელადაც, მე ვრჩები კოალიციის ლიდერადაც, მე ვრჩები პარტია „ახალის“ ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა, რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს", ჩემი კონკრეტული ერთი მაგალითით მინდა სხვა პარტიებს და ზოგადად საზოგადოებას ვუთხრა ჩემი პოზიცია: მივცეთ ფართო გზა ახალ პოლიტიკურ აქტორებს. ჩვენ ვიყოთ პოლიტიკაში, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები, მაგრამ ხალხთან მნიშვნელოვანია კომუნიცირებდნენ ასევე ისინი, ვინც რეალურად ახლა იწყებს პოლიტიკურ გზას. მე პერსონალურად ხელი მაქვს მოწერილი (ჩვენს პარტიასა და კოალიციასაც) „ქართულ ქარტიაზე“, რომელიც პრეზიდენტის ინიცირებული იყო და ჩვენ ამ „ქარტიის“ ერთგული ვრჩებით, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ მომავალი, ე.წ. გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი იქნება არაპარტიული კანდიდატი“, - დაამატა გვარამიამ.
პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე