,,დაყარონ იარაღი და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ"- დავით ცეცხლაძე
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში ქართველი მებრძოლების მონაწილეობაზე. მან ქართველ მებრძოლებს მოუწოდა, „დაყარონ იარაღი და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ“.
„ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ახორციელებს თავის საქმიანობას ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ქართველები რუსეთში, ყველა ერთან ერთად, მშვიდობიანად და მეგობრულად უქმნიან უკეთეს მომავალს შვილებს. კურსკის ოლქში ქართველი ეროვნების დაქირავებულთა გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ არის მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარონ იარაღი და დაუბრუნდნენ ოჯახებს! ეს არ არის თქვენი ომი და თქვენ არ ხართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საქართველოს დროშას აფრიალებთ. მე პირადად ჩამოვალ კურსკში და გადავუდგები იმ ტყვიებს, რომლებსაც რუსებს ესვრით“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
ტელეგრამის არხის, „რუსეთის ქართული თემის“ ცნობით, ცეცხლაძე ახლა იმყოფება ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში, საიდანაც კურსკის ოლქში წასვლას აპირებს.
ქართული დიასპორის ხელმძღვანელი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან და ემხრობა რუსეთის ომს უკრაინაში.
კურსკის ოლქში შეტევით ოპერაციაში ქართველი მებრძოლების მონაწილეობის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელზე, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძეზე დაყრდნობით. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო მებრძოლის, გიორგი ფარცვანიას მონაწილეობით, რომელიც გადაღებულია ბელგოროდის ოლქის სოფელ პოროზში.
სიახლეები
- სერბეთში შეტაკებები იყო ოპოზიციურად განწყობილ დემონსტრანტებსა და მთავრობის მომხრეებს შორის
- აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა
- ,,ეს შეხვედრა არის ძალების გაერთიანებისთვის – ვინ უფრო უკეთესად მოემსახურება მთავარ ამოცანას, რომ როგორმე ეს ქვეყანა დაზიანდეს და გაეხვიოს შარში"- გიორგი ვოლსკი
- ,,თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს