იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ სადავო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტის შესახებ მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.
პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. თუკი ცვლილება ძალაში შევა, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას.
ამავე კანონპროექტით, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. ის არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნებოდა და სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებდა.
პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ცვლილებით ფაქტობრივად დგინდება, რომ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია პარტიებს შორის ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ქმნის კონსენსუსის წინაპირობას, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა ცესკოს, საარჩევნო პროცესის, ზოგადად, ჩატარებული თუ ჩასატარებელი არჩევნების მიმართ ნდობის თვალსაზრისით.
მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე დაძლევას გეგმავს.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი