სახალხო დამცველი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „აგენტების კანონი“ „ასეთი ფორმით“ არ მიიღოს
პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „აგენტების კანონი“ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის.
„როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს“, - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, „გამჭვირვალობის მიზნის მისაღწევად“ სხვა გზას მიმართოს: „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს