„ქართულ ოცნების" წევრები ხართ ადამიანები, რომლებსაც არავითარი პრინციპი კი არა, თავმოყვარეობაც არ გაგაჩნიათ"- ხატია დეკანოიძე
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც არავითარი პრინციპი კი არა, თავმოყვარეობაც არ გაგაჩნიათ - ბიძინა ივანიშვილი თუ იტყვის ვარდისფერზე, რომ შავია, იტყვით, რომ შავია. ბიძინა ივანიშვილი თუ ხვალ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგია, თქვენც იტყვით, რომ კარგია , - ასე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული მომავალი არ აინტერესებს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას არ აპატიებს.
„შეკითხვები, რომლებიც თქვენ დასვით, არ ემსახურებოდა იმას, რომ თქვენ რეალური ჭეშმარიტება გაგეგოთ. თქვენ, თითოეულ თქვენგანს გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება, რა ცირკი მოაწყვეთ დღეს, აქ. საერთოდ, საქართველოში ძალიან ბევრ ხელისუფალს ჰქონდა იმის ცდუნება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხალხის სახელით ესაუბრა და ყველა ამ ხელისუფალს მერე ხალხმა ძალიან კარგი და საკადრისი პასუხი გასცა. ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ეს ცდუნება, თქვენც, თითოეულ თქვენგანსაც, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროთ, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ აქ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ დავალებებს არ ვასრულებთ არავისიო და შვილებს იფიცებთ, არ ვიცი, შვილებს რას ერჩით, მაგრამ ბატონი მდინარაძე ამბობდა, რომ ჩემს შვილებს გეფიცებით, მე არავის დავალებებს არ ვასრულებო, მე გეტყვით, ვის დავალებას ასრულებთ და ქალბატონ პრეზიდენტსაც მინდა ეს ვუთხრა, იმიტომ რომ მან არ დაასახელა ეს ადამიანი. თქვენ ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს. თქვენ, 80-ვე წევრი ხართ პირადად ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. თქვენ არ გაინტერესებთ არც საქართველოს ევროპული მომავალი, არც ჩვენი შვილების მომავალი, როგორი პრესტიჟი ექნება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაში. არ გაინტერესებთ სოციალურად დაუცველი ადამიანები. ერთადერთ რატომაც ეს ადამიანები გაინტერესებთ ისაა, რომ წაგლიჯოთ ხმები. ყველაზე უფრო საშინელება რაც არის ისაა, რომ თქვენ არ გაინტერესებთ ამ ქვეყნის ისტორიული მისია, უფრო სწორად, თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ. ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ამ ქვეყნის ისტორიული მისია. ქართველი ხალხი, როგორც შარშან მარტში არ გაპატიათ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, არც ახლა არ გაპატიებთ უახლოეს მომავალში“, - განაცხადა დეკანოიძემ.
დეპუტატი, თავის გამოსვლაში, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზებ ბორელის განცხადებას შეეხო და პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა.
„ბორელმა თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ძალიან ცუდი გზავნილი საქართველოდან, რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს ევროპაში. ხომ ესე იყო ბატონო შალვა? იყო. ამიტომ მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ იმპიჩმენტი შეიძლება იყოს დაბრკოლება საქართველოსთვის და რაზეა იმპიჩმენტი? იმიტომ რომ მაკრონს შეხვდა და ელაპარაკა კანდიდატის სტატუსზე? თქვენ რატომ არ შეხვდით მაკრონს და რატომ არ ელაპარაკებით? ღარიბაშვილი რატომ არ ხვდება მაკრონს?“, - განაცხადა დეკანოიძემ.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „უპირველეს ყოვლისა, თქვენ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას უნდა სცეთ პატივი თუ გინდათ, რომ ვინმემ პატივი სცეს შენს ქვეყანას და შენს კონსტიტუციას“.
„მე მგონი, ჩემი პასუხიც მოისმინეთ იქ ბორელთან შეხვედრაზე და ამ პასუხს ყველა ჩვენი პარტნიორი თქვენგან განსხვავებით იღებს, რადგან ეს არის პასუხი პოლიტიკური მოწიფულობისა. თქვენ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას უნდა სცეთ პატივი უპირველეს ყოვლისა, თუ გინდათ, რომ ვინმემ სცეს პატივი საერთოდ შენს ქვეყანას და შენს კონსტიტუციას. ამ პასუხს ყველა ძალიან კარგად იღებს, ამიტომ არ არის საჭირო ზედმეტი პოლიტიზირება ამ საკითხის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია