საქართველოს ყოფილი ლიდერები ევროკავშირს წერილით მიმართავენ, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს
საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირს წერილით მიმართავენ, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი წერილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დღეს გადასცა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განaცხადა, ევროკავშირში სულ 29 წერილი გაიგზავნა - ერთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ერთი ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ხოლო დანარჩენი, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერების სახელზე.
კითხვაზე, უარი განაცხადეს თუ არა წერილის ხელმოწერაზე ახლანდელმა ლიდერებმა, მარგველაშვილი ამბობს - „ყველამ, 2016 წლის შემდეგ“.
„წერილის შინაარსი შემდეგია - ვეთანხმებით მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მათი შესრულების მიზანშეწონილობას, მაგრამ ვითარების სირთულიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე გთხოვთ, არ დაშალოთ ტრიო - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, არამედ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი და მოთხოვნები დატოვოთ შემდეგ შესასრულებლად.
წერილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა ლიდერი, ვინც დღეს ცოცხალია - პრეზიდენტები, პარლამენტის თავმჯდომარეები. 2016 წლის შემდეგ კი წყდება - 2016 წლის შემდეგ მოქმედი არცერთი პოლიტიკოსი ხელს არ აწერს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება. საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროპული საბჭო 23-24 ივნისს მიიღებს.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
- ,,სანამ „ალდე“ და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ფაქტია – სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ის არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ბევრ ადამიანს მართვის მოწმობა შემოსავლის წყაროსთვის სჭირდებოდა, ეს ინიციატივა კი მათ ამის შესაძლებლობას დაუბრუნებს"- შალვა პაპუაშვილი
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება