''მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება ტყვეობაში'' - ნიკა მელია
მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი ძირითადად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო.
„ეს არის საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი გერმანელი პარტნიორებისთვის, კოლეგებისთვის. როგორც გერმანიის მთავრობა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიც აცნობიერებენ, რომ იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც მთელი დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება დაუპირისპირდა ყველაზე ბოროტ ძალას მსოფლიოში პუტინის რუსეთის სახით, ამ დროს დამატებითი წყარო პრობლემებისა, რომელიც დემოკრატიული წესწყობილების მოსურნე ხალხს ექმნება პოლიტიკური დევნის სახით, არის რბილად რომ ვთქვათ შემაფერხებელი ფაქტორი, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო გავხდეთ ევროპული მომავლის ნაწილი. ამას აცნობიერებს ყველა ჩვენი მეგობარი. ამაზე ვსაუბრობდით დღეს და მჯერა, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, მათ შორის დღევანდელი შეხვედრის შემდეგაც“, – განაცხადა მელიამ.
მისივე განცხადებით, „არ არსებობს არგუმენტი, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი გაამართლებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებას სააკაშვილის წინააღმდეგ“.
„უბრალოდ არ არსებობს არგუმენტი. შენ კლავდე ადამიანს ციხეში, არსებობდეს ამის მტკიცებულებები და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს ტყვეობაში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. კობახიძე და სხვები რაზეც არ უნდა საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხავდნენ, რომ სააკაშვილმა 6-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს გამორიცხულია. ჩემზე კარგად იციან ეს. ისინი ელაპარაკებიან საკუთარ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს და არ უნდათ, რეალობას თვალი გაუსწორონ. მათ აუცილებლად მოუწევთ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- “ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ, საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი” - პრემიერი
- მსახიობი ოთო ქათამაძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა
- “ჩვენი ვალდებულებაა, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა” – მიხეილ ყაველაშვილი
- “ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას; ნიშანდობლივია, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს” - პრემიერი
- 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა