''ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება'' - კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.
მისივე თქმით, დელეგაცია უკრაინაში ჩასვლით გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოს დელეგაცია არის მრავალპარტიული დელეგაცია, რაც გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასე რომ, ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.
ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადას სპიკერთან. ვფიქრობ, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება გაუგებრობა, მედიის და იმის გამო, რომ პირდაპირ საუბრის შესაძლებლობა არ არის. ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, გრძელდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის დაპირისპირება როდესაც არსებობს, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.
„ამ ერთიანობის ნახვა ახლა არის ძალიან გამამხნევებელი. ეს არის მომენტი, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათლად განაცხადონ, რომ სხვა ქვეყნის დაპყრობისთვის ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა ვერ იქნება შეწყალებული. ეს მიუღებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრა.
დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.
სიახლეები
- “ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ, საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი” - პრემიერი
- მსახიობი ოთო ქათამაძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა
- “ჩვენი ვალდებულებაა, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა” – მიხეილ ყაველაშვილი
- “ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას; ნიშანდობლივია, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს” - პრემიერი
- 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა