"უკრაინული მხარის ბრალდებები სერიოზულია, ამიტომ „ეს რა გვაკადრეს და თმების გაშლა“ არაადეკვატურია" - ანა ნაცვლიშვილი
უკრაინული მხარის ბრალდებები სერიოზულია, პროპაგანდისტული "ეს რა გვაკადრეს" და თმების გაშლა არის არაადეკვატური - გეჭიროს ხელში გვირილა და მჯერა-არმჯერას ჟანრში საუბრობდე ამაზე, ეს არის არასახელმწიფოებრივი,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა პოზიციას გამოეხმაურა.
ნაცვლიშვილის თქმით, იმისათვის, რომ რისკები გამოირიცხოს, საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაა აუცილებელი.
"ეს ბრალდებები არის ძალიან მძიმე და შინაარსიდან გამომდინარე ძალიან სერიოზული, ამიტომ პროპაგანდისტული- „ეს რა გვაკადრეს და თმების გაშლა“ არის აბსოლუტურად არაადეკვატური, განსაკუთრებით, როცა ამას აკეთებენ დეპუტატები. დეპუტატი ხარ იმიტომ, რომ როცა ასეთი საკითხი ჩნდება დღის წესრიგში, მიზეზის და მოტივის მიუხედავად, საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს. გეჭიროს ხელში გვირილა და მჯერა-არმჯერას ჟანრში საუბრობდე ამ ყველაფერზე, ეს არის არასახელმწიფოებრივი. ჩვენ იმიტომ ვართ ამ პოზიციაზე და იმიტომ გვაქვს ეს სტატუსი, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. საპარლამენტო ზედამხედველობამ უნდა მოიცვას და დავრწმუნდეთ, რომ არამარტო ასეთი რამ არ მომხდარა, არამედ რისკებიც საქართველოს აქვს სათანადოდ დაცული. მე გამოვიყენებ სადეპუტატო კითხვის უფლებამოსილებას ამ საკითხზე, ასევე არის სხვა ფორმატებიც, ნდობის ჯგუფი, რომელიც ერთხელ შეიკრიბა მხოლოდ, ასევე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი, დახურული ფორმატები, რასაც ომის დაწყების დღიდან ვითხოვთ",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა საქართველოს ელჩისგან ელის მტკიცებულებებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.
სიახლეები
- “ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ, საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი” - პრემიერი
- მსახიობი ოთო ქათამაძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა
- “ჩვენი ვალდებულებაა, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა” – მიხეილ ყაველაშვილი
- “ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას; ნიშანდობლივია, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს” - პრემიერი
- 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა