„საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში ოფიციალური სამუშაო მისცეს“
აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესი“ («The Associated Press») სტატიაში სათაურით „საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში ოფიციალური სამუშაო მისცეს“, აღნიშნავს:
„ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. რეფორმების საბჭო პრეზიდენტთან არსებულ სტრუქტურას წარმოადგენს და მის ფუნქციებში ეკონომიკური და სხვა რეფორმების გატარების დაგეგმვა-კოორდინაცია-რეალიზაცია შედის.
გასულ თვეში მიხეილსააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნა შესთავაზა, მაგრამ მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წევრებმა პრეზიდენტის შეთავაზება არ მოიწონეს და უარი განაცხადეს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის პარლამენტში განხილვა-დამტკიცებაზე. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებამ საქართველოს მთავრობისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების აღშფოთება გამოიწვია: პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასულ თვის ბოლოს უკრაინა გააფრთხილა, რომ თუ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშნავდა, კავკასიური სახელმწიფო კიევიდან თავის ელჩს გაიწვევდა. გიორგი გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მას ქართულმა სასამართლომ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა გამო, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და შესაბამისად, ექს-პრეზიდენტის დაპატიმრებაზე ორდერია გაცემული.
მიხეილ სააკაშვილი პოპულარული გახდა კორუფციასთან ბრძოლით, მაგრამ მისი პოპულარობა დაეცა საპროტესტო აქციების მკაცრად ჩახშობით და რუსეთთან 2008 წლის ომით, რის შედეგადაც საქართველომ ორი რეგიონი დაკარგა.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად ყოფილი ქართველი ლიდერის პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს. მან პირველად უკრაინაში პოლიტიკური კარიერა პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს დაიწყო, თუმცა ერთმანეთში მომხდარი განხეთქილების გამო, მოქალაქეობა დაკარგა. ვლადიმერ ზელენსკიმ, კომიკოსმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა სწრაფად დაუბრუნა“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.nytimes.com/aponline/2020/05/07/world/europe/ap-eu-ukraine-politics.html?searchResultPosition=2
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"