ამ გვერდის ამობედვა

ოდესის სანაპიროზე ათობით მკვდარი დელფინი იპოვეს

ოდესის სანაპიროზე რამდენიმე დღეში 37 მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს

უკრაინის ოდესის ოლქში, ტუზლის ლიმანების ეროვნული ბუნების პარკის სანაპიროზე რამდენიმე დღეში 37 მკვდარი დელფინი და სხვა ზღვის ძუძუმწოვარი აღმოაჩინეს. ეკოლოგები შემთხვევას უპრეცედენტოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის დანაკარგი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

პარკის მეცნიერ-თანამშრომლის, ივან რუსევის ინფორმაციით, 5 ივნისს სანაპიროს 25-კილომეტრიან მონაკვეთზე 22 მკვდარი ცხოველი იპოვეს, ხოლო 6-7 ივნისს დამატებით 15 ზღვის ძუძუმწოვარი აღმოაჩინეს. შედეგად, სულ სამ დღეში დაფიქსირებული დაღუპული ცხოველების რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.

რუსევის განცხადებით, შავი ზღვის ეკოსისტემა მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ზღვის ბინადრებზე უარყოფით გავლენას ახდენს სამხედრო მოქმედებები, მათ შორის აფეთქებები, ნაღმები, სარაკეტო დარტყმები, სამხედრო გემების ძლიერი სონარები და გარემოს დაბინძურება.

ეკოლოგების ცნობით, მსგავსი შემთხვევები ბოლო პერიოდში რუმინეთისა და ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროებზეც დაფიქსირდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, რეგიონში დელფინების პოპულაცია სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

წაკითხვა 73 ჯერ