"მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდა"
უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მეწყერული ფერდის გამაგრების სამუშაოებისას უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოები.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.
სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და, ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის
- აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნეს
- "უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი" - დავით ერემეიშვილი
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია