დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ატარებს.
მირქმა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. იუდეველთა წესის მიხედვით, შობიდან მე-40 დღეს ჩვილი ტაძარში მიჰყავდათ და მის სახელზე მსხვერპლს სწირავდნენ.
სახარების მიხედვით, ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მსხვერპლად ორი ფრინველი შესწირეს. მათ სვიმონ ღვთისმიმრქმელი შეეგება, მაცხოვარი ხელში აიყვანა, ანუ მიირქვა და მისი წამება და ღვთისმშობლის ტანჯვა იწინასწარმეტყველა.
საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სვიმონ მიმრქმელი ერთ-ერთი იყო, ვინც ძველი აღთქმა ებრაულიდან ბერძნულად თარგმნა. წინასწარმეტყველების თარგმნის დროს მას ეჭვი შეეპარა და ვერ დაიჯერა, რომ ქრისტეს ქალწული შობდა, ამიტომ უფლისგან აღთქმა მიიღო, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილავდა მაცხოვარს.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში გასულ წელს პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში ლამპრობის შემორჩენილი ძველი წესი აღდგა.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა პატივი უნდა მიეგოს დღესასწაულს და კარგი იქნება მისი აღნიშვნისას ძველი ელემენტების შემოტანა.
„პანდემიის პირობებში საქართველოში დღეს გარკვეული რეგულაციების დაცვა აუცილებელია, მაგრამ თავისი პატივი უნდა მიეგოს დღესასწაულს. კარგი იქნება, თუ მას, შესაძლებლობისამებრ, ძველი წესის მიხედვითაც გავამშვენებთ.
სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, ახალშობილ იესოსა და წმ. სვიმეონ მიმრქმელს შეავედრონ გარდაცვლილი წინაპრები, ახლობლები… და წყალობა სთხოვონ საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოსათვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა
- გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი