ამ გვერდის ამობედვა

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 121 ჯერ

სიახლეები