ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
კერძოდ, მის პოზიციას „ფეისბუქზე“ მისი ძმა აქვეყნებს.
როგორც წერილშია აღნიშნული, რაც მოხდა, "საშინელება იყო, თუმცა მთავარი არის ის", რომ პოლიციელები „დღეს უკვე დასჯილები არიან".
განცხადებაში ლოცულაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მოუწოდებს კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებიც "პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ", ნუ გამოიყენებენ მის საქმეს პირადი ინტერესებისთვის.
“მოგესალმებით ყველას, ვინაიდან, ჩემს ძმას არ გაჩნია სოციალური ქსელი გიზიარებთ ჩემი ძმის აზრს.
დიდი მადლობა, ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი.
რაც მოხდა, საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან.
მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდათ, ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად.
და ეს ფაქტი რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“, - წერია წერილში.
შეგახსენებთ, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ ექვს პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ექვსი სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
სიახლეები
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"