4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
საქართველოს პროკურატურამ კიდევ 16 პირს წაუყენა ბრალდება “სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის” საქმეზე. ამის შესახებ განაცხადეს შაბათს პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგზე.
მათგან ერთს, უცხოეთში მყოფ ირაკლი შაიშმელაშვილს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ირაკლი შაიშმელაშვილი 2024 წლის 3 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. მან თანამდებობა საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს “საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ” და სასჯელის სახედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ შაიშმელაშვილმა “საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა”, და რომ ის “ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ, არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა”.
აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ მარიამ მეყანწიშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე “მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირი N21-ში მდებარე ოფისში”.
სიახლეები
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს